ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი მემკვიდრეა გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტის, რომელიც თსუ-ში დაარსდა 1963 წელს კიბერნეტიკის ფაკულტეტის სახელწოდებით (პირველი მიღება ფაკულტეტს ჰქონდა 1964 წელს). ფაკულტეტის დაარსება განაპირობა ორმა ფაქტორმა: პირველ რიგში ეს იყო ის მიღწევები გამოთვლითი ტექნიკისა და კიბერნეტიკის განვითარებაში, რომელთა გამოყენებამ ადამიანის მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროში, და განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო დარგებისა და ტექნიკის პრობლემების გადაწყვეტაში ითამაშა მნიშვნელოვანი როლი და მეორე, საქართველოში უკვე არსებობდა კიბერნეტიკის ინსტიტუტი, რომელსაც სჭირდებოდა კადრები. სწორედ ამ ინსიტუტის დირექტორის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, ვლადიმერ ჭავჭანიძის აქტიური მოღვაწეობის შედეგი იყო ახალი ფაკუტეტის გახსნა თსუ-ში, რომელსაც მხარს უჭერდა და ეხმარებოდა უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა ნამდვილი წევრი ევგენი ხარაძე. ეს იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით პირველი და უპრეცენდეტო შემთხვევა უმაღლეს სასწავლებელში ასეთი ფაკულტეტის გახსნის. ფაკულტეტის პირველი დეკანი გახდა პროფესორი გივი ქანთარია. ფაკულტეტი სტუდენტებს ღებულობდა ორი სპეციალობით: კიბერნეტიკა და სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკა. ფაკულტეტზე დაარსდა თეორიული კიბერნეტიკის (კათედრის გამგე პროფ. გ. ქანთარია). ფაკულტეტზე ფუნქციონირებდა ფიზიკური კიბერნეტიკის პრობლემური ლაბორატორია (სამეცნიერო ხელმძღვანელი აკადემიკოსი ვ. ჭავჭანიძე, ლაბორატორიის პირველი გამგე ოთარ მდივანი ).
1967 წელს თეორიული კიბერნეტიკის კათედრას შეეცვალა სახელი, და ეწოდა კიბერნეტიკის კათედრა, რომლის ხელმძღვანელად არჩეული იქნა აკადემიკოსი ვ. ჭავჭანიძე. კათედრასა და მასთან არსებულ სამეცნირო ლაბორატორიაში მიმდინარეობდა სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოები ინფორმატიკის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ბაზებისა და სახეთა ამოცნობის და რთული სისტემების მოდელირების მიმართულებით. აკად. ვ. ჭავჭანიძის შრომებმა საფუძველი ჩაუყარა კათედრაზე კონცეპტუალური სისტემური ანალიზისა და კონცეპტუალური ხელოვნური ინტელექტის განვითარებას (ზ.ქოჩლაძე, მ.ხაჩიძე, გ. ბესიაშვილი, ა.კორნეევა), რომლის შედეგები მოხსენებული იყო თბილისში გამართულ მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე 1973 წელს.
კათედრის პრობლემურ ლაბორატორიაში არამკაფიო ქვესიმრავლეთა თეორიის ახალი წარმოდგენის საფუძველზე შემუშავდა არამკაფიო შემთხვევით ხდომილებათა თეორია, არამკაფიო ინფორმაციული ზომების თეორია, არამკაფიო დისკრიმინაციულ ანალიზზე და ბმულობათა თეორიაზე აგებული გადაწყვეტილებათა მიღების ხელშემწყობი სისტემა, ენის რაოდენობრივი მოდელი. მიღებული შედეგები გამოქვეყნებულია საზღვარგარეთის სამეცნიერო ჟურნალებში და კეთდებოდა მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციებზე (თ.გაჩეჩილაძე, ჰ.მელაძე, გ.ცერცვაძე, გ.სირბილაძე, თ.მანჯაფარაშვილი).
კათედრაზე დამუშავდა მრავალდონიანი კოდირებისა და ინფორმაციის შეკუმშვის პრობლემები სახეთა ამოცნობის ამოცანებითვის (ნ.ნანობაშვილი, ნ.ჯიქია). საერთაშორისო პროფესიონალური ასოციაციის IEEE-ს მიერ პროფესორ ნ.ნანობაშვილი ორი შრომა ამ მიმართულებით შეტანილი იყო ას საუკეთესო შრომათა სიაში.
მართვის ინტელექტუალური სისტემების ისეთი ამოცანებისთვის, როგორიცაა კლასიფიკაცია, იდენტიფიკაცია, შეკუმშვა, ძებნა, ცოდნის წრმოდგენა და ინფორმაციის დაცვა დამუშავდა ალგებრულ სტრუქტურებზე დაფუძნებული ერთიანი მეთოდები და შესაბამისი პროგრამები, რომლებიც დაინერგა მოსკოვის განსაკუთრებულ საკონსტრუქტორო ბიუროში, კოსმოსურ ხიმალდებთან საიმედო კავშირისა და და მოძრავი ობიექტების სელექციის მიზნით (პროფ. რ.მეგრელიშვილი, უფ. მეცნ. თანამშრომელი თ.ნიკოლაიშვილი).
კათედრა უძღვებოდა სტუდენტების მომზადებას კიბერნეტიკის სპეციალობით. კურსდამთავრებულთა უდიდესი ნაწილი მუშაობას აგრძელებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტში.
1964 წლიდან ფაკუტეტზე არსებობდა სტრუქტურული და გამოყენებითი ლინგვისტიკის კათდერა (გამგე მრავალი უცხოური აკადემიების და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი, პროფესორი თამაზ გამყრელიძე), რომელიც უძღვებოდა სტრუქტურული ლიგვისტიკის სპეციალობას. კათედრაზე სამეცნიერო - კვლევით მუშაობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა თანამედროვე ენათმეცნიერების თეორიულ პრობლემებს. ამ მხრივ განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს თ.გამყრელიძის და ვ.ივანოვის მონოგრაფია „Реконструкция и историко – типологический анализ проязыка и прокультуры“ (Тбилиси, 1984), რომელმაც უდიდესი რეზონანსი გამოიწვია მთელ მსოფლიოში და აღიარებულია როგორც უდიდესი წვლილი მეოცე საუკუნის ინდოევროპულ შედარებით ენათმეცნიერებაში. ძალიან მნიშვნელოვანია აგრეთვე თ.გამყრელიძისა და გ.მაჭავარიანის ნაშრომი „სონანტთა სისტემა და აბლაუტი ქართველურ ენებში“ (თბილისი, 1965). კათედრის კვლევებში დიდი ადგილი უკავია კავკასიური ენების კვლევას. კერძოდ, გამოკვლეულია მეგრულის (თ.გამყრელიძე, ტ.გუდავა), სვანურის (თ.გამყრელიძე), აფხაზურის (ი.შადური), ხუნძურისა (ზ.კიკნაძე) და ჩაჩნურის (ზ.კიკნაძე) ფონოლოგიური სისტემების, მორფონოლოგიის, გრამატიკული სტრუქტურისა და სემანტიკის პრობლემები. კათედრაზე აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ავტომატური თარგმანის და კომპიუტერული ლიგვისტიკის მიმართულებით (მ.ჩხაიძე).
კათედრაზე შეიქმნა „თეორიული ენამთმეცნიერების კურსი“ (თ.გამყრელიძე, ზ. კიკნაძე, ი.შადური, ნ.შენგელაია თბილისი, 2003). ესაა თანამედროვე ენათმეცნიერების საუნივერსიტეტო კურსი, რომელიც გახდა სამაგიდო წიგნი ყველა იმ ადამიანებისთვის, ვინც დაინტერესებულია ენათმეცნერებით.
1965 წელს უნივერსიტეტის რექტორის, რუსეთისა და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრის ილია ვეკუას ინიციატივით, ფაკულტეტზე მათემატიკური დარგების სწავლების გაუმჯობესების მიზნით გაიხსნა უმაღლესი მათემატიკის კათედრა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 1971 წლამდე. 1971 წლიდან კი კათედრის გამგე გახდა პროფესორი რევაზ კორძაძე.
კათედრაზე დამუშავებული პრობლემებიდან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს: 1) აკად. ი.ვეკუას მიერ მიღებული ფუნდამენტური შედეგები განზოგადებულ ანალიზურ ფუნქციათა თეორიაში და გარსთა თეორიაში, რომლებიც აისახა მონოგრაფიებში: „ტენზორული ანალიზისა და კოვარიანტთა თეორიის საფუძვლები (მოსკოვი, 1978) და „გარსთა თეორიის ზოგიერთი ვარიანტის აგების ზოგადი მეთოდები (მოსკოვი, 1982); 2) ანალიზურ ფუნქციათა და ელიფსური ტიპის დიფერენციალურ განტოლებათა სასაზღვრო ამოცანები (პროფესორები რ.კორძაძე, ნ.ქალდანი, თ.მაქაცარია).
კათედრა ფაკულტეტზე ხელმძღვანელობდა თითქმის ყველა მათემატიკური საგნების სწავლებას.
1970-71 წლებში მოხდა ფაკულტეტის ძირეული რეორგანიზაცია, დამატებით შემოტანილი იქნა ახალი, გამოყენებითი მათემატიკის სპეციალობა და ფაკულტეტს ეწოდა კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი. უმაღლესი მათემატიკის კათედრას გამოეყო შემთხვევით პროცესთა კათედრა (კათედრის გამგე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდეტი ნ.ვახანია. კათედრის ძირითადი სამეცნიერო მიმართულება იყო ვექტორულ სივრცეებში ალბათურ განაწილებათა თეორია. ამ გამოკვლევების საფუძველზე გამოიცა ორი მონოგრაფია: ნ.ვახანია „ალბათური განაწილებები წრფივ სივრცეებში“ (თბილისი, 1971) გამომცემლობა „ნორთ ჰოლანდმა“ 1981 წელს გამოსცა ინგლისური თარგმანი. ნ.ვახანია, ვ.ტარიელაძე, ს.ჩობანიანი „ალბათური განაწილებები ბანახის სივრცეში“ (მოსკოვი, 1985).
1971 წელს შეიქმნა ელექტრონულ-გამომთვლელი მანქანების პროგრამული უზ-რუნველყოფის კათედრა, რომელსაც ხელმძღვანელობდა აკდემიკოსი ი.ვეკუა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი კათედრას სათავეში ჩაუდგა პროფესორი ჰამლეტ მელაძე.
კათდერა უზრუნველყოფდა სტუდენტთა მომზადებას სამი მიმართულებით: გამოთვლითი მათემატიკა, მათემატიკური მოდელირება, გამოთვლითი მანქანების, სისტემებისა და ქსელების პროგრამული უზრუნველყოფა.
ინფორმატიკის მიმართულებით აღსანიშნავია გამოთვლითი მანქანის მეხსიერებაში მონაცემების ოპტიმალურად ასახვის სქემა, როცა მონაცემებად შეიძლება ვიგულისხმოთ პროგრამებიც. დადგენილია დამოკიდებულება ამოცანის ამოსახსნელად საჭირო დროსა ამ ამოცანის მიერ დაკავებულ მანქანურ მეხსიერებას შორის. დამუშავებულია მონაცემების სტრუქტურირების და აგრეგირების საშუალებები და განაწილებულ მონაცემთა ბაზების აღწერის ენა LADIS.
1973 წელს შეიქმნა მართვის თეორიის კათედრა, რომლის ხელმძღვანელობაც დაევალა რუსეთისა და საქართველოს აკადემიების ნამდვილ წევრს, მართვის მათემატიკური თეორიის ერთერთი ფუძემდებელს რევაზ გამყრელიძეს. შემდგომში ამ კათედრას ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გურამ ხარატიშვილი. მათი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა უახლესი დარგის - ოპტიმალური პროცესების მათემატიკური თეორიის ქართული სკოლა. ძირითადი სასწავლო დისციპლინებიდან, მართვის თეორიის კათედრა უზრუნველყოფდა ფაკულტეტზე დიფერენციალური განტოლებების, ოპტიმიზაციის მეთოდების, ოპერაციათა კვლევის სწავლებას. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, კათედრის წევრებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული უმაღლესი განათლების სისტემის ჩამოყალიბებაში. კერძოდ, პროფესორმა ნიკოლოზ მარკოზაშვილმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ესმ-თბილისის (შემდეგში თავისუფალი უნივერსიტეტი) ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაში, ხოლო პროფესორმა ზაურ მაჩაიძემ - სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტში ინფორმატიკის სწავლების სისტემის შექმნაში. შემდეგ. 2006 წლიდან, ბატონი ზაური იყო კომპიუტერული მეცნიერების დეპარტამენტის სასწავლო პროგრამების ერთ-ერთი თანახელმძღვანელი და საქარველოში ინფორმატიკის სწავლებაში ACM-ის კურიკულუმების გამოყენების ინიციატორი.
1982 წელს ფაკულტეტზე გაიხსნა კიდევ ერთი, მეშვიდე კათედრა - ჰუმანიტარულ და საბუნებისმეტყველო დარგებში მათემატიკური მეთოდების გამოყენების კათედრა. (კათედრის გამგე, პროფესორი გია არასენიშვილი, 1996 წლიდან კი დოცენტი ნუგზარ ჯიქია). კათედრა უზრუნველყოფდა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ინფორმატიკის ზოგადი კურსის, ხოლო ეკონომიკური პროფილის ფაკუტეტებზე აგრეთვე ოპერაციათა გამოკვლევის, მათემატიკური პროგრამირებისა და ეკონომეტრიკის საგნების სწავლებას. კათედრის თანამშრომლების მიერ გამოცემულია სახელმძღვანელოები: „მათემატიკური მეთოდები გეოგრაფიაში“ (გ. არსენიშვილი), მათემატიკური მეთოდები ბიოლოგიაში“ (რ. ხომერიკი), „მათემატიკური პროგრამირება“ (გ.ხელაია, კ.ქადაგიძე, ო.კვარაცხელია), „ამოცანათა კრებული წრფივ პროგრამირებაში“ (ო.კვარაცხელია, ნ. ჯიქია)
1993 წელს ფაკულტეტს კიდევ ერთხელ შეეცვალა სახელი და ეწოდა გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. 1994-95 სასწავლო წლებში ფაკულტეტი გადავიდა ორსაფეხურიან სწავლებაზე.
2006 წლიდან, უნივერსიტეტში ჩატარებული რეფორმის შემდეგ გაერთიანდა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტში კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის სახით. დეპარტამენტის პირველი ხელმძღვანელი გახლდათ პროფესორი მანანა ხაჩიძე. გარდამავალი პერიოდს (ორი წელი) თან ახლდა შემდეგი სირთულეები: ბაკალავრიატის საფეხურზე ერთდროულად ფუნქციონირებდა სამი სასწავლო პროგრამა (ახალი სასწავლო გეგმა, დაფუძნებული ACM-ის რეკომენდაციებზე - I და II კურსებისთვის, გარდამავალი პროგრამა მესამეკურსელებისთვის, მილევადი - მეოთხეკურსელებისთვის) და ორი ენობრივი სექტორი (ქართული და რუსული).
დეპარტამენტის შემდეგი ხელმძღვანელი გახლდათ ბატონი ზაურ მაჩაიძე. ამ პერიოდიდან, კომპიუტერული მეცნიერებების დეპარტამენტის სტრუქტურა ოთხ კათედრას აერთიანებს: 1. გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრა (კათედრის გამგე, პროფ. გია სირბილაძე); 2. თეორიული ინფორმატიკის კათედრა (კათედრის გამგე, პროფ. ალექსანდრე გამყრელიძე); 3. პრაქტიკული ინფორმატიკის კათედრა (კათედრის გამგე, პროფ. კობა გელაშვილი); 4. ტექნიკური ინფორმტიკის კათედრა (კათედრის გამგე, პროფ. მანანა ხაჩიძე). დეპარტამენტში მოღვაწეობის 24 ძირითადი პროფესორი და დაახლოებით 40-მდე მოწვეული პროფესორ-მასწავლებელი. დეპარტამენტი ანხორციელებს სასწავლო პროგრამებს უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე - საბაკალავრო პროგრამა „კომპიუტერული მეცნიერება, სამაგისტრო პროგრამები: კომპიუტეერული მეცნიერება, ინფორმაციული სისტემები, ინფორმაციული ტექნოლოგიები და სადოქტორო პროგრამა კომპიუტერული მეცნიერება. თსუ-ში არსებული ყველა პროგრამა კომპიუტინგის (ინფორმატიკის) მიმართულებით ეფუძნება საერთაშორისო ორგანიზაციების ACM (Association for Computing Machinery, www.acm.org) და IEEE (The World’s Largest Professional Association for Advancement of Technology, www.ieee.org) მიერ შემუშავებული დარგობრივი სტანდარტებისა და კურიკულუმის შემუშავების რეკომენდაციებს. ზოგადად, თსუ პირველია საქართველოს უნივერსიტეტებიდან, რომელმაც 2006 წელს სასწავლო პროგრამების შედგენაში ამ დოკუმენტებით იხელმძღვანელა.
დეპარტამენტის კათედრები მაღალ დონეზე უზრუნველყოფენ სასწავლო პროცესს სწავლების სამივე სამფეხურზე ინფორმატიკის ისეთ ქვედარგებში როგორიცაა: ალგორითმების აგება და ანალიზი, სირთულის თეორია, კომპიტერული ალგებრა, კომპიუტერული ტოპოლოგია, დისკრეტული ოპტიმიზაცია და ოპერაციათა კვლევა - თეორიული ინფორმატიკის კათედრა; მონაცემთა სტრუქტურები, დაპროგრამების თანამედროვე ტექნოლოგიები და ენები - პრაქტიკული ინფორმატიკის კათედრა; ინტელექტუალური სისტემები, სისტემების სიმულაციური მოდელირება, ნეირონული ქსელები, გენეტიკური ალგორითმები, ინფორმაციის თეორია და კრიპტოგრაფია, ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტი, ავტომატების თეორია, მანქანური სწავლება - გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრა; ინფორმაციის მენეჯმენტი, მონაცემთა ბაზები, ქსელური ტრქნოლოგიები, კომპიუტერის არქიტექტურა, ვებ ტექნოლოგიები, ოპერაციული სისტემები, ქვანტური ინფორმატიკა - ტექნიკური ინფორმატიკის კათედრა. ეს მიმართულებები აქტუალურია კვლევის თვალსაზრისითაც.
ამჟამად, დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თეორიული ინფორმატიკის კათედრის გამგე, პროფესორი ალექსანდრე გამყრელიძე. თეორიული ინფორმატიკის კათედრის საერთაშორისო თანამშრომლობა და საერთო პროექტები საარლანდის უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტთან, მაქს პლანკის ინფორმატიკის ინსტიტუტთან, მაქს პლანკის პროგრამული სისტემების ინსტიტუტთან, გერმანიის ხელოვნული ინტელექტის კვლევის ცენტრთან, სან ფრანცისკოს უნივერსიტეტთან და ლესტერის უნივერსიტეტთან აქტიურადაა ასახული სტუდენტების და თანამშრომლების ვიზიტებში, სალექციო ბლოკ-კურსებსა და ერთობლივ სამეცნიერო კვლევებში.
ამავე კათედრის წევრებისა და კვლევაში ჩართულ სტუდენტთა მიერ იქნა შემუშავებული საუკეთესო ზედა ზღვრის მქონე შეკრების პარალელური ალგორითმი და მისი პრაქტიკაში ეფექტურად რეალიზაციის გზები, ფართოდ მუშავდება მრავალკრიტერიუმიანი ამოცანების ოპტიმალური გადაჭრის მეთოდები (ბ. ღვაბერიძე), ასევე მეცნიერების შედარებით ახალი მიმართულების - კომპიუტერული ტოპოლოგიის ეფექტური ალგორითმები და მონაცემთა სტრუქტურები (კერძოდ კვანძებისა და გრაფების ინვარიანტებისა და მაღალგანზომილებიან ამოზნექილ სტრუქტურათა კომპლექსებს შორის აფინური ასახვების კომპლექსების ტოპოლოგიური მახასითებლების დასათვლელად).
აღსანიშნავია გამოყენებითი ინფორმატიკის კვლევითი აქტივობების შედეგები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით როგორიცაა: ინტელექტუალური გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი სისტემები; განუზღვრელობის მოდელირება გადაწყვეტიულების მიღების მრავალკრიტერიალურ მოდელებში; გადაწყვეტილების მიღების აგრეგირების ოპერატორების ინჟინერია განუზღვრელ გარემოში; კომბინატორული ოპტიმაზაციის მოდელები ექსტრემალურ და განუძღვრელ გარემოში: დაყოფის, დაფარვის მოდელები. ობიექტების განთავსების ამოცანები; მარშრუტიზაციის ოპტიმალური დაგეგმვა და სხვ. რაც მხარდაჭერილ იქნა არაეთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი გრანტით. 2008–2010 წლებში საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსდა გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრის საგრანტო პროექტი: „სუსტად სტრუქტურირებადი სისტემების მოდელირებისა და სიმულაციის ფაზი–ტექნოლოგიები“ (გრანტი # GNSF/ST08/1-361). პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოს ფუნდამენტური ნაწილი შევიდა პროფ. გია სირბილაძის მიერ შექმნილ მონოგრაფიაში: Gia Sirbiladze, Extremal Fuzzy Dynamic Systems: Theory and Applications, IFSR International Series on Systems Science and Engineering, 28, 1st Edition. Springer; 2013, 396 pp.მონოგრაფია შესრულებულია საზოგადოების - „The International Federation For Systems Research (IFSR)“(http://ifsr.org/) დაკვეთით კონტრაქტის საფუძველზე. მონოგრაფია ეხება ბუნებში და საზოგდოებაში მიმდინარე ექსტრემალური და ანომალური პროცესების ინტელექტუალურ მოდელირებას, როდასაც მკვლევარს ფაქტიურად არ გააჩნია ობიექტური სტატისტიკური მონაცემები და მოვლენის ევოლუციის შესაძლო განვითარების სანდო სცენარების ინჟინერია დაფუძნებულა მხოლოდ და მხოლოდ დარგის საექსპერტო ცოდნასა და ექსპერტთა ინტელექტუალურ აქტივობაზე. მონოგრაფია 2013 წლის ბოლოს შევიდა გამომცემლობა Springer-ის ყველაზე მოთხოვნად სამეცნირო პუბლიკაციების 50%-იან სიაში, რაც ავტორის მიერ ამ მიმართულებით ჩატარებულ კვლევებზე მაღალ მოთხოვნას მიუთითებს.
პრაქტიკული ინფორმატიკის კათედრაზე კვლევები მიმდინარეობს პრგრამირების სტილების (ფუნქციონალური, ობიექტზე-ორიენტირებული, განზოგადებული) თეორიული და სასწავლო-მეთოდოლოგიური ასპექტების ირგვლივ, გარკვეული ენობრივი და მათემატიკური მოდელების კვლევის, მათემატიკური პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების მიმართულებით. კვლევაში აქტიურად არიან ჩართული სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტები.
ტექნიკური ინფორმატიკის კათედრა პიონერია საქართველოში ქვანტური ინფორმატიკის დანერგვაში, როგორც კვლევით, ასევე სასწავლო პროცესში. კათედრაზე ასევე მიმდინარეობს კვლევითი საქმიანობა რთული სისტემების კლასიფიკაციის მეთოდების, ინფორმაციის სემანტიკური ძებნის (განსაკუთრებით აქცენტი კეთდება ქართულენოვანი ინფორმაციის ძებნაზე) ამოცანების სფეროში. ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ინფორმაციული ტექნოლოგიების ჯანდაცვის სფეროში გამოყენების საკითხებს.