ჰუმანიტარული დახმარების ცენტრების განთავსებისა და სერვის ცენტრებიდან ტვირთებისა და საჭირო პირველადი დახმარების ობიექტების ოპტიმალური ტრანსპორტირების მოდელირებას შეეხება გრანტი, რომელიც 2022 წლის მარტში დაიწყო.
საგრანტო პროექტში პროფესორ გია სირბილაძესთან ერთად ჩართულია აკადემიური პროფესურა: ბიძინა მიდოდაშვილი (პრაქტიკული ინფორმატიკის კათედრა); ბიძინა მაცაბერიძე (თიბისი ბანკის IT დირექტორი და თსუ-ის პროფესორი) და ბეჟან ღვაბერიძე (ოპტიმიზაციის მეთოდების კლასიკოსი საქართველოში). პროექტში ასევე ჩართულნი არიან დოქტორანტები, მაგისტრები და კათედრის თანამშრომლები.
რაც შეეხება საერთაშორისო კოლაბორაციას, პროექტის განხორციელებაში ორი ჯგუფია ჩართული. ერთი ჯგუფი – პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ინტელექტუალური სისტემების ლაბორატორია, რომელიც სისტემების კვლევის ინსტიტუტის დეპარტამენტია და მას იანუშ კაჩპჟიკი (Janusz Kacprzyk) ხელმძღვანელობს, პირველი ერთი წელი იმუშავებს პროექტზე, მესამე წელს კი ბასკეთის უნივერსიტეტი – სან სებასტიანი ჩაერთვება.
თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის გამოყენებითი ინფორმატიკის კათედრა უკვე წლებია, რაც არაერთ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. ჯგუფს, რომელსაც კათედრის გამგე, პროფესორი გია სირბილაძე ხელმძღვანელობს, ფუნდამენტურ სამეცნიერო პროექტებში მუდმივად ჰყავს ჩართული სტუდენტობა – ძირითადად მაგისტრანტები და დოქტორანტები. ბოლო ხუთ წელიწადში მათ უკვე მეექვსე გრანტი მოვიპოვეს. სწორედ პროფესორი გია სირბილაძე პასუხობს ჩვენს კითხვებს:
– ბატონო გია, რა წვლილს შეიტანენ კოლაბორაციის ფარგლებში უცხოელი მეცნიერები პროექტის განხორციელებაში?
– მათ ძალიან დიდი მისია აკისრიათ. მაგალითად, ბასკეთის უნივერსიტეტიდან ჩართული არის მანქანური სწავლების მიმართულება რთული და კომპლექსური პროცესების და ობიექტების კვლევისთვის, რომელსაც ხელმძღვანელობს ანტონიო ლოზანო. ამ ჯგუფს ყველაზე სერიოზული საქმე აქვს – მოუწევს პროგრამული უზრუნველყოფის დემო ვერსიის გაკეთება. ამ მოდელს მთელი დასავლეთ სამყარო ელოდება – ის ხალხი, ვინც მანქანური სწავლების რეალიზაციითაა დაკავებული კატასტროფების დროს სწრაფი რეაგირებისათვის. ჩვენც გვყავს პროგრამისტები და სტუდენტობა, რომლებიც ჩართულები არიან ამ პროგრამული დემო ვერსიის შექმნაში. ეს ძალიან რთული მათემატიკური ობიექტია შესასწავლად და ამიტომ კომპლექსური ალგორითმები შეიქმნება, რომელმაც ძალიან ჩქარა უნდა იმუშაოს – დეტალიზებული უნდა იყოს რომელი დახმარების ცენტრიდან რომელი მოთხოვნის წერტილში რა რაოდენობის მანქანა უნდა წავიდეს, რა დახმარება წაიღოს და ა.შ. ყველა ქვეყანას აქვს ასეთი პროგრამული უზრუნველყოფა.
– ცხადია, ჩვენ გააზრებული გვაქვს, რამდენად მნიშვნელოვანია ის საქმე, რასაც შევეჭიდეთ. ჯგუფმა პროექტის ფარგლებში სერიოზული სამუშაო უნდა ჩაატაროს. უნდა შეიქმნას მოდელი, რომელიც გააადვილებს კონკრეტულ კატასტროფულ სიტუაციაზე რეაგირების პროცესს. მას საშუალება უნდა ჰქონდეს, მონაცემებიდან გამომდინარე, სისტემაში გააკეთოს მოდიფიცირება და აიტანოს ყველა ის მოთხოვნა, რაც მენეჯერებს დასჭირდებათ ლოჯისტიკის პროცესში. სისტემამ რეკომენდაციები უნდა გასცეს იმ დონეზე, რა მოთხოვნაც იქნება. შესაბამისად, რაც უფრო ღრმა დეტალიზაციით შევისწავლით ზოგად მოდელს, ვარირების მით უფრო მეტი უნარი ექნება მთელს სისტემას. ჩვენც ახლა სწორედ ამაზე ვმუშაობთ. ვფიქრობთ, მოდელის ისეთი დეტალიზაცია გვაქვს, რომელსაც ჯერ მსოფლიოში არავინ შესჭიდებია. პოლონეთის ჯგუფიც ამაში დაგვეხმარება. ესპანეთის ჯგუფი კი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას.
რაც შეეხება სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობას, ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტთან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ეგიდის ქვეშაა და ამ მოდელს მათ მივაწვდით.
– არის თუ არა პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, რომ იმ უნიკალური მოდელის თაობაზე აცნობოთ საზოგადოებას?
– რა თქმა უნდა, ამ პროექტის პროცესში გათვალისწინებულია კონფერენციები, მათ შორის, IEEE-სთან (IEEE – ელექტრო და ელექტრონიკის ინჟინერთა ინსტიტუტი). ამ ორგანიზაციას სხვადასხვა მიმართულება აქვს. ერთ-ერთი – მაღალრეიტინგული კონფერენციების ჩატარებაა. ჩვენ უკვე სამი მოხსენება წარვადგინეთ და 13 ოქტომბერს მე, ბეჟან ღვაბერიძემ და ბიძინა მაცაბერიძემ საერთაშორისო კონფერენციაზე გავაცანით ჩვენი ნაშრომი საზოგადოებას. ასევე გვქონდა პლენარული მოხსენება, რომელიც ვიდეოს სახით ვაჩვენეთ კონფერენციის პირველ დღეს. ეს 45-წუთიანი მოხსენება შეეხება გამოყენებითი ინფორმატიკის ჩვენი ქართული სკოლის მოღვაწეობის ისტორიას და პერსპექტივებს. მიხარია, რომ ყველა ჩვენი გამოსვლა დიდი მოწონებითა და ინტერესით იქნა მიღებული საერთაშორისო პროფესიულ საზოგადოებაში.
– ინფორმატიკა იყოფა დარგებად, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაა ხელოვნური ინტელექტი და ინტელექტუალური სისტემები. ეს არის ის ჭკვიანი სისტემები, რომლებიც ყოველდღე გვხვდება, მაგალითად გუგლის სარეკომენდაციო სისტემა. ძალიან ბევრი სტუდენტი გვყავს გამოზრდილი სამაგისტრო თუ სადოქტორო პროგრამაში, რომლებმაც ეს სისტემა კარგად იციან. დღეს კომპიუტერული მეცნიერების სწავლების ყველა დონეზე ამ ინსტრუმენტების შესწავლა აქტუალურია, ვინაიდან ინტელექტუალური სისტემები, როგორც სამომხმარებლო სისტემები, საჭირო და მოთხოვნადია.
არსებობს ბევრი კვლევითი მიმართულება, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღების მოდელირება და შესაბამისი მხარდამჭერი სისტემების შექმნა. დღეს გადაწყვეტილების ოპტიმალური მიღება ყოველ ნაბიჯზე ძალიან მოთხოვნადია და ყველას ეხება. ეს ჩვენი პროექტებიც ამ მიმართულებითაა მნიშვნელოვანი – ისინი გადაწყვეტილების მიღების მხარდამჭერი სისტემებია და მენეჯერებს და დისპეტჩერებს დაეხმარება.
ეს სისტემები ყველას სჭირდება – თუნდაც, ბიზნეს-პროცესების მენეჯერებს, რომლებსაც ოფისები და საწარმოები სხვა ქვეყნებში აქვთ, მარკეტინგულ პროცესებს კი სხვა ქვეყანაში ატარებენ. ფაქტობრივად, ესაა ის ამოცანა, რომელიც ჩვენს გრანტშია ჩადებული და ერთ-ერთი პატარა წერტილია ამ დიდ თემატიკაში.
– როდის დასრულდება პროექტი და ჩაერთვებით თუ არა მომავალში მოდელის დანერგვაშიც?
– პროექტი დამთავრდება სამი წლის შემდეგ. თუნდაც დღევანდელობაში, საომარ პირობებში, ჩვენი წარდგენილი პროექტი ძალიან მოთხოვნადია – უმნიშვნელოვანესია ჰუმანიტარული დერეფნების შექმნა და ამ დერეფნებში ხალხის გაყვანა. ამ დროს არის შესაძლებლობები სხვადასხვა ადგილებში გაკეთდეს ეს დერეფნები, რისკებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე. აქ საუბარია ამ ხალხის თავშესაფრებში გაყვანაზე.
ჩვენი ბოლო პროექტი სწორედ ასეთ გარემოებებს – საომარ სიტუაციებს – ეხება, როდესაც საჭიროა დაზარალებულების გადაყვანა დერეფნებით. ეს სისტემა ამ შესაძლო დერეფნების გენერაციას და ევაკუაციის პროცესის დაგეგმვასაც კი გააკეთებს.
ამავე თემას ეხება პროექტი, რომელიც რუსთაველის ფონდშია წარდგენილი და პასუხს ახალი წლისთვის ველოდებით.